ინდური ცეკვის შესწავლის მსურველებმა დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერზე:
2 29 24 58

среда, 14 октября 2009 г.

ადამიანი, რომელმაც ინდური ფილმებისადმი სიყვარულის გასაოცარი მაგალითი გვაჩვენა

დათო ბეჟიტაშვილი
"35 წლის ვარ... აქედან ბოლო 19 წელია ჩემი ჰობი - ინდური კინო, ჩემს პროფესიად იქცა. 16 წლის ვიყავი, როდესაც კინოთეატრ "ბათუმში" მეგობრებთან ერთად საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა ასოციაცია "ბჰარატი" დავაარსე. 17 წლის წინ კი, ერთ მშვენიერ კვირა დღეს პირველად გამოვედი სატელევიზიო ეთერში ინდური ფილმის დაწყებამდე და მას შემდეგ სხვადასხვა სატელევიზიო არხის საშუალებით უამრავი ადამიანი ვაზიარე ინდურ კინოხელოვნებას. ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავაარსე ინდური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი "სიტარა", კომპანია "ბოლივუდ არტ ჯორჯია", მაღაზია "პლანეტა ბოლივუდი".
ამ რამდენიმე წინადადებაში ჩატია, საქართველოში ინდური კინემატოგრაფის პოპულარიზაციის საქმეში გაწეული უდიდესი ღვაწლი, ბ-ნმა დათო ბეჟიტაშვილმა თავისი წიგნის "ამიტაბჰ ბაჩანი: ცვილი და ფოლადი" -ს შესავალ წინა სიტყვაში.
როგორც თავად ამბობს, მისი ინდური ფილმებისადმი სიყვარული 7 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც პირველი ინდური ფილმი, "დაგვიანებული შურისძიება" ნახა ამიტაბჰ ბაჩანის მონაწილეობით და სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი მის შემდგომ სიყვარულს ბოლივუდის ლეგენდის მიმართ. სწორედ ამ სიყვარულმა გადააწყვეტინა მოგვიანებით თავისი კუმირისადმი წიგნი მიეძღვნა და ამით კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა ამ ლეგენდარული მსახიობის მოყვარულთ და არა მარტო მათ. წიგნი უკვე საკმაოდ პოპულარულია ინდური კინოს მოყვარულთა შორის, არა მარტო თბილისში, არამედ მის გარეთაც.
პირველი ნაბიჯები ინდოეთთან ურთიერთობაში ორი ინდოელი სტუმრის და ერთ-ერთი კინომცოდნის მოწვევით გადაიდგა. მოგვიანებით ურთიერთობები უფრო მყარი გახდა. ვიზიტები ბოლივუდში, "ოსკარების ცერემონიალებზე", შეხვედრები ბოლივუდის პოპულარულ სახეებთან...
ერთ-ერთ ინტერვიუში ასე გადმოსცემს ოსკარების ცერემონიალზე განცდილის შესახებ თავის ემოციას: "ერთი საღამოს განმავლობაში მე ვნახე ინდური კინოს თითქმის ყველა ვარსკვლავი. მეგონა რომ სიზმარში ვიყავი და საკუთარ თავს ვუჩქმიტე კიდეც... მაგრამ სიზმარი გრძელდებოდა: ჩემს გვერდით იყვნენ რანი მუქერჯი, პრიტი ზინტა, აბიშეკ ბაჩანი, მადჰური დიქსიტ, იმრან ჰაშმი, ჰემა მალინი, რექჰა, რიტიკ როშანი..."
მოგვიანებით კი შეხვედრა თავის კუმირთან, რომელმაც სამახსოვრო ავტოგრაფი დაუტოვა ფოტოზე. ცხადია ეს ავტოგრაფი მფლობელის რელიქვიად იქცა.
გარდა ამისა შეხვედრები ისეთ მსახიობებთან როგორებიცაა: აიშვარია რაი, რომელსაც "იაშრაჯფილმზის" გადასაღებ პავილიონში შეხვდა, რიტიკ როშანი, ფარიდა ჯალალი, შაში, რანდჰირ და რიში კაპურები, კეი-კეი მენონი და კიდევ ბევრი ძველი თუ ახალი ვარსკვლავი.
დაათვალიერა ახლა უკვე მუზეუმად ქცეული კინოსტუდია "რაჯკაპურფილმზი", რაჯის სამუშაო კაბინეტი, რაჯ კაპურის მამის მიერ დაარსებული თეატრი...
ბ-ნი დათო ერთ-ერთი იმათთაგანია ვისაც ხვდა წილად პატივი, მოერგო ლეგენდარული რაჯ კაპურის პიჯაკი ფილმიდან "ბატონი 420".
შეხვდა კინოსტუდია "მუკთა არტსი"-ს გენერალურ დირექტორს რავი გუფთას, რომელიც მოგვიანებით საქართველოშიც იმყოფებოდა.
ბოლივუდთან გამყარებული კავშირების შედეგად საქართველოში ჩამოდის კინოკომპანია "კარვინ დრამსის დირექტორი, პროდიუსერი ნირაჯ ბეჰლი. იგი შეხვდა კინოსტუდია "ქართული ფილმი"-ს, სარეკლამო კომპანია "სარკე"-ს და კ/თ "რუსთაველი"-ს ხელმძღვანელობას და ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის კონტრაქტს. იყო საუბარი იმაზეც, რომ საქართველოშიც გადაეღოთ კადრები ერთობლივი ფილმისა. შერჩეული იქნა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელიც, ქართველი მოდელი ნათია ნებიერიძე, თუმცა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუშალა ამის განხორციელებას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი დამსახურება ინდური ფილმების დიდ ეკრანზე დაბრუნებაში.
ინდური ფილმების კინოთეატრებში ნახვას მიჩვეული თაობისათვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, 2003 წლის 18 მაისს, კ/თ "რუსთაველში" საცდელი ჩვენება ფილმისა "სიყვარულის ანატომია", რაც თავის მხრივ გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული, მოვიდოდა თუ არა მაყურებელი კინოთეატრში, მაგრამ ფილმის წარმატებულმა ჩვენებამ შემდგომში საფუძველი ჩაუყარა ინდური ფილმების დიდ ეკრანზე დაბრუნებას.
შემდგომ უკვე კ/თ "ახმეტელში" ინდური კინოფესტივალები: ინდური ზაფხული- 2004, 2005, 2006... მუდმივად გადაჭედილი დარბაზი და მართლაც "ოქროს ხანა" ინდური კინოს თბილისელი და არა მარტო თბილისელი მაყურებლისათვის. უამრავი ღონისძიება, მაყურებლის მუდმივად განებივრება სიურპრიზებით და ათასგვარი საჩუქრებით, მათ შორის უფასო სეანსებითაც, ყველასათვის ხელმისაწვდომი ბილეთის ფასი და უმეტესად მხოლოდ ენთუზიაზმზე დამყარებული მუშაობა, როგორც თავად ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, ეს ყველაფერი მისი ბავშვობისდროინდელი სიყვარულის გამო ინდური ფილმებისადმი. "თუკი სამსაათიანი სეანსის შემდეგ ადამიანები კინოდარბაზიდან გამოვლენ იმ შეგრძნებით, რომ ეს სამი საათი არ დაუკარგავთ, ეს ნიშნავს რომ ჩვენი მიზანი მიღწეულია".
კ/თ ახმეტელის დახურვის შემდეგ ისევ გაქრა ინდური ფილმები დიდი ეკრანიდან, თუმცა სულ ახლახან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბ-ნი დათოს ძალისხმევით თბილისელ მაყურებელს ისევ მიეცა საშუალება დაემტკიცებინა რომ უამრავ ადამიანს ძალიან მოენატრა ნამდვილი შეგრძნება ფილმისა, ეს კი, როგორც თავად თქვა კინოთეატრში შეკრებილი მაყურებლის წინაშე, მხოლოდ კინოდარბაზში, დიდ ეკრანზე ფილმის ნახვისას არის შესაძლებელი.
კიდევ ერთმა მცდელობამ ჩაიარა წარმატებით, ფილმის "ნიუ-იორკის" პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებელს დიდხანს არ დაავიწყდება ის დღე, რადგან როგორც ყოველთვის ამ დღესაც უამრავი სიურპრიზი დახვდა მაყურებელს, ეს იყო ქართველი მხატვრის სურათების გამოფენა, რათქმაუნდა ინდურ თემატიკაზე და გამასპინძლება ინდური კერძებით. ამიერიდან კი ყოველ კვირა დღეს, ისევ ექნება თბილისელ მაყურებელს საშუალება კინოდარბაზში ნახოს ახალი ინდური ფილმები.
კიდევ ერთი ოცნება აუსრულდათ ინდური კინოს და ინდოეთის მოყვარულებს . ახლახან გამოვიდა რეჟისორ ავთო ვარსიმაშვილის ფილმი: "ყველაფერი კარგად იქნება", რომლის ძირითადი ნაწილი ინდოეთში, კერძოდ გოაშია გადაღებული და რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც ბ-ნ დათო გახლავთ. თუმცა გარდა ამისა კიდევ ერთი სიურპრიზი მოგვიმზადა მაყურებელს. ფილმში ყველასათვის საყვარელი მსახიობების გვერდით თავადაც მონაწილეობს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის როლში.
არის ერთი სიახლეც, რომელიც ჟურნალ "სარკის" კორესპოდენტს გაუმხილა ინტერვიუში. ახალ წლამდე შედგება კიდევ ერთი ქართული კომედიის "მოიტა ნასოსი" პრემიერა, რომელშიც სოსო ჯაჭვლიანის, გურამ ფირცხალავას, ჯაბა კილაძის, გივი ბერიკაშვილის გვერდით ბ-ნ დათოსაც ვიხილავთ. გარდა ამისა, ის ამ ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერიცაა. ასევე თავისი ჩანაფიქრიც გაუზიარა მკითხველს, რომ გადაწყვეტილი აქვს სვანეთში ინდოელები ჩაიყვანოს.
ინდური კინოს მოყვარულთათვის სიახლე არ არის რომ ბ-ნი დათო თავად ახმოვანებს ფილმებსაც, როგორც თვითონ ამბობს, ჰინდი თავად შეისწავლა რეპეტიტორის გარეშე და დაახლოებით 500-ზე მეტი ფილმი გაახმოვანა.
ალბათ მხოლოდ ინდური კინოსადმი განუსაზღვრელ სიყვარულს ძალუძს შეუძლებელი შეაძლებინოს ადამიანს. "მიუხედავად იმისა რომ ძალიან დაკავებული ვარ, მაინც ვახერხებ, კვირაში რამდენიმე საათით მივიდე, ფილმები გავახმოვანო და ტ/კ "კავკასიას" ეთერშიც სანამ ინდური ფილმი დაიწყება, პატარა შესავალი გავაკეთო. არ მაქვს უფლება იმ ხალხს ვუღალატო, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ინდური ფილმები ნახონ", თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.
კიდევ ერთი შტრიხი, რაც პირადად მე განსაკუთრებით დამამახსოვრდა.
ჟურნალ "პადრუგას" კორესპოდენტი ლიზა აბრამოვა ბ-ნ დათოსთან ერთ-ერთი ინტერვიუს შესავალში წერს, რომ მასთან საუბრის დასასრულს შენიშნა ინტერვიუს "ჩაწერისას" ჩამწერი გამორთული რომ იყო და იძულებული გახდა ესოდენ დაკავებული ადამიანისათვის ხელახლა ეთხოვა ახლა უკვე კარგად შემოწმებულ ჩამწერთან თავიდან მოეყოლა ყველაფერი. "ჩემს გაკვირვებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, - იხსენებს ჟურნალისტი,- როცა რესპოდენტმა არა მარტო მოთმინებით და აუჩქარებლად გაიმეორა ნათქვამი, არამედ დამატებით კითხვებზეც უპასუხა, რომლებიც საუბრის მსვლელობისას წარმოიშვა"

და ბოლოს, იმ ადამიანების წინაშე ვინც ამ ბლოგს ათვალიერებს, ინდური კინოს მოყვარულთ ვგულისხმობ, ბ-ნ დათოს რათქმაუნდა წარსდგენა არ ჭირდება. ეს უმნიშვნელო სტატია უბრალოდ, უდიდესი პატივისცემის და მადლიერების გამოხატულებაა, ამ ადამიანის მიმართ, რომელმაც ინდოეთისა და ინდური ფილმებისადმი სიყვარულის გასაოცარი მაგალითი გვაჩვენა. ყველა ინდური კინოს მოყვარულთა სახელით წარმატებებს ვუსურვებ მას ნებისმიერ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ კიდევ უამრავი სასიამოვნო სიურპრიზით გაახარებს ინდური კინოს მოყვარულთ.

8 комментариев:

rumirumi71 комментирует...

დათო მართლაც რომ სერიოზული საქმითაა დაკავებული და მადლობა მას, რომ ახერხებს და საქართველოში ახარებს იმ ადამიანების გულებს, ვისაც ინდური ფილმები და ინდოეთი უყვართ. საკუთარი გამოცდილებიდანაც ვიცი, რომ არც ისე იოლია საქართველოში გიყვარდეს ინდოეთი და ბოლივუდი, მაგრამ როცა გიყვარს და ამ საქმეს მით უმეტეს პროფესიონალურად უდგები, უკვე დიდი შექების ღირსია :):):)

პატივისცემით, სოსო

Анонимный комментирует...

b-ni dato televiziidan vicit magram ar vicodit tu kinoteatri gaixsna...
dzalian bevr adamians ukvars induri kino da imedia warmatebebi geqnebat...



tatia p.

Анонимный комментирует...

ramdeni xania televixiit agar gamochenila... kavkasiaze sul vukureb indur kinoebs...
padrugashi ratom agaraa induri rubrika??
iqedan vigebdit ragaceebs...
pativiscemit meri

Анонимный комментирует...

gamecina raaa... xalxo mainc ra gaaketa aseti am kacma ha??? shemosavlad tu aqcia induri filmebi?????????
tu rasac eg geubnebat televiziit saitebze ver poulobt??/

Unknown комментирует...

პირველ რიგში უნდა გითხრა რომ მეთუ ვინმეს შესახებ ასეთ კომენტარს დავტოვებდი სახელსაც მივუთითებდი...
უბრალოდ სახელით მაინც რომ ვიცოდე ვის ვესაუბრები. არც კი ვიცი ღირს თუ არა გიპასუხო იმიტომ რომ თუ ის არ იცი ამ ადამიანმა რა გააკეთა ამ სფეროში არ ყოფილხარ ინდური კნოს მოყვარული.ჩემო კარგო საიტებზე ახლა მიგვიწვდება ხელი მაგრამ 90-ანი წლებიდან მოყოლებული თუ რამეს ვიგებდით ინდური კინოს შესახებ ვისი დამსახურება იყო???
მე პირადად დღემდე მაქვს შენახული მაშინდელი გამოცემული ქართული გაზეთები, რომლებშიც ბ-ნი დათოს მიერ მოგროვებული და მოწოდებული სტატიები იბეჭდებოდა ამა თუ იმ მსახიობის შესახებ.
აღარ გავაგრძელებთ იმედია ამაზე საუბარს... თუ კიდევ დაგრჩა კითხვები შეგიძლია მომწერო პირადად. მისამართი მითითებულია აქვე.

natalia комментирует...

ძალიან მიყვარს ინდური კინოები და არა მარტო კინოები... საერთოდ ინდოეთი ... ძალიან მიზიდავს ეს ხალხი... მათი კულტურა მთლიანად. მე ძალიან მიხარია როცა ინდოეთზე შეყვარებულ ხალხს აღმოვაჩენ ხოლმე... დიდი მადლობა ამ ბლოგის შემქმნელს, ასეთი საინტერესო ინფორმაციებისათვის.. და საერთოდ ყველა ძალიან მიყვარს ვინც ინდოეთის სიყვარულით აკეთებს რამეს საქართველოში.
მხოლოდ კეთილი სურვილებით და
ინდოეთის სიყვარულით...
წარმატებები

maki комментирует...

martali gitxra ketili shurit mshurs soso tkveni. mec dalian mikvars induri kino da mitumetes indoeti.jemi ocnebaa am kvekanashi mogzauroba

maia комментирует...

im adamianbs ki vetkvi visac ar ukvart induri pilmebi nu ukureben ra problemaa amit indur kinos makurebeli ar moakldeba

სხვა სტატიები

Related Posts with Thumbnails